არაკომერციული ჩანაწერი

არ იფიქრო,რომ მაღალფარდოვანი სიტყვების რახარუხით ვცდილობ მოვახდინო შთაბეჭდილება,თითქოს მთელი ცხოვრება კითხვაში გავატარე,უბრალოდ გიყვები რასაც ვფიქრობ.ჩათვალე,მე და შენ ვსხედვართ მაგიდასთან,შენ ჩაის სვამ მე ყავას,გელაპარაკები და შენ ყურადღებით ისმენ ჩემ მონაყოლს.

  მიჭირს აზრები დავუკავშირო ერთმანეთს,დიდი ხანია არ დამიწერია,ახლა კი ვცდილობ გავწელო ნათქვამი სანამ,სხვა აზრები მოგროვდება.

 

  ხანდახან მგონია,რომ დღემოკლესავით გარდავიცვალე,გადავინაცვლე სხვა,მეტაფიზიკურ სამყაროში,არა ფიზიკურად,არამედ სულიერად ისე,რომ ვერ შევძელი რაღაც ღირებულის გაკეთება და ჯოჯოხეთის ცეცხლით განათებულ რიგში მდგარი,ველი ჩემ სამაგიეროს,უმოქმედობისთვის,იმისთვის რაც ვერ შევძელი,ან არ შევძელი,ყური მოვიყრუე და თვალები დავიბრმავე როცა მესმოდა და ვხედავდი ყველაფერს.ვიხარჯებოდი კმაყოფილებისთვის,მაგრამ ეს ჩემი,როგორც პიროვნების საშველი ვერ გახდა.ყველაზე ღირებულ ერთეულს ვერ ვაფასებდი:საათს,წუთს,წამს…რა მნიშვნელობა აქვს რამდენი რესურსი გაქვს,მთავარი ხომ ის არის როგორ გამოიყენებ მას.

   ,,უფალი მხოლოდ ის არის,რასაც ბრძანებს,ის კი სიკეთეს,სიყვარულს და ჭეშმარიტებას ბრძანებს.»არაერთხელ ავირჩიე ბოროტება,სიძულვილი,ტყუილი და რამდენჯერაც ასე მოხდა,იმდენი ნაბიჯით დავშორდი ღმერთს,ახლა კი ისე შორს ვარ დაძახებისაც მრცხვენია.

    აღიარება იმისა,რომ ადამიანის ცხოვრებაში არაფერია ფაქტებისა და ხელშესახებ საგანთა გარდა სულიერი ნაწილის უგულვებელყოფა იქნებოდა.ყველაფერი იცვლება:შეხედულებები,გემოვნება,მოდა,ერთადერთი კი,რაც უცვლელი რჩება ღირებულებებია.კაცობრიობა აღარ განიცდის სულიერ კათარზისს,რაც ღირებულებების ამაღლების საწინდარია.ჩვენ ყველანი ფუტურო ადამიანების ბრბოდ ვიქეცით,რომლიც ერთ დიდ ეკონომიკურ მანქანას მოძრაობაში ეხმარება.საჭიროზე აუცილებელი გავხადეთ რაღაც უბრალო ქაღალდების დასთა და მივეცით მას უფლება განსაზღვროს ჩვენი სოციალური სტატუსი.მოვახდინეთ გრძნობების კონვერტაცია ვალუტაში,ყველაფერს ვყიდით და ვყიდულობთ,რაც ჩვენ ძუნწ ეგოს მოწყურდება.მთელი ცხოვრება ვიბრძვით,ვწვალობთ და რეალურად არ ვიცით რისთვის?რა არის ჩვენი კონკრეტული მიზანი,არცერთ ჩვენთაგანს არ აქვს ბოლომდე გაცნობიერებული.ღრმად დარწმუნებულები,თავაწეულები,დიდი სიამაყით მივაბიჯებთ და გვწამს,რომ სწორი გზა ავირჩიეთ,ერთ დღეს კი გავაცნობიერებთ,რომ დავიღალეთ ,,სიარულით» და მერე..აღარ გვექნება ძალა ვაკეთოთ ის,რაც მართლა შვებას მოგვგვრის.

Реклама
Стандартный